რას ნიშნავს 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლისთვის?
დეკემბერი 23, 2022
2022 წ. 23 ივნისი საქართველოს თანამდეროვე ისტორიაში განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის თარიღია. ამ დღეს, ევროპულმა საბჭომ (European Council) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვასათვის და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე. აღნიშული გადაწყვეტილება ისტორიული მოვლენაა რიგი ფაქტორების გამო. თუნდაც, იმ შედეგების გამო, რასაც ხსენებული გადაწყვეტილება მოიტანს მომავალში საქართველოს ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. 23 ივნისი ისტორიული გადაწყვეტილებაა იმითაც, რომ ის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობის, კულტურული და სახელმწიფოებრივი ტრადიციის – ქართული სახელმწიფოს ევროპულ ოჯახში დამკვიდრება და მის ევროპულ მომავალთან დაკავშირება – აღსრულებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ის, ასევე, საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანის უზრუნველყოფისკენ გადადგმული კონკრეტულია ნაბიჯია, რაც ქართულ სახელმწიფოს, მის ხალს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ, ხელშესახებ პერსპექტივას უჩენს. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება თანამდეროვე საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ნორმაცაა, რომელიც მისი მოსახლების უდიდესი უმრავლესობის მიერ, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიღებულ, გააზრებულ არჩევანს ეფუძნება და ქართველი ხალხი ამ არჩევანის, მისგან მომდინარე ფასეულობების ერთგული ყოველთვის რჩებოდა და დღესაც იზიარებს მას.
2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აღიარა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა, ის ევროპული კულტურის, ცივილიზაციის მატარებელია, მისი განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, მისი მომავალიც ევროკავშირშია. ამ გადაწყვეტილების მკაფიო გზავნილია, რომ საქართველო ნამდვილად გახდება ევროკავშირის წევრი. 23 ივნისის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, როდესაც მან, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, ევროპის მომავალზე საუბრისას ყოველწლიურ მოხსენებაში განმარტა, რომ „თქვენ [საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ხალხები] ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ევროკავშირია, თქვენ გარეშე კი ევროკავშირი არასრულყოფილია.“ 23 ივნისის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობენ ევროკავშირის უმაღლესი რანგის სხვა წარმომადგენლებიც და ეს ფაქტი ამგვარადაა შეფასებული ევროპარლამენტის, ევროკომისიის, თუ სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციების ანგარიშებსა და რეზოლუციებში.
ამასთან, აღსანიშნავია ის კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება და, საპასუხოდ, ევროპული მხარის მიერ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე დადებითი პასუხით გამოხმაურება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომი, რომლის მასშტაბები, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ცივი ომის შემდეგ უპრეცედენტოა, ევროპელი, ზოგადად, დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერების უმრავლესობისთვის შოკისმომგვრელი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ცივილიზებული სამყაროს ლიდერები ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ისინი შუაგულ ევროპაში ამ მასშტაბების სამხედრო დაპირისპირების მოწმენი გახდებოდნენ. მართალია, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, შემდგომ 90-იან წლებში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში სამხედრო ინტერვენციით და საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამაჩაბლოს) – ოკუპაციით, მოგვიანებით, 2014 წ. უკვე ყირიმის ანექსიით, ცხადი იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის მილიტარისტული მიზნები უშუალოდ მის სამეზობლოში და მათი განხორციელების მეთოდებიც. თუმცა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების სურვილი და რუსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ინტეგრაციის ილუზია, დასავლეთს არ აძლევდა საშუალებას სამხედრო აგრესიის მსხვერპლი ქვეყნების მხარდასაჭერად, პრინციპული პოლიტიკა დაეპირისპირებინა რუსეთის აგრესიული ქმედებებისთვის და დაეჩქარებინა ინტეგრაციის მსურველი ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.
უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებმა ნათლად წარმოაჩინა ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტრატეგიული (ეკონომიკური) მნიშვნელობა ევროპისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. დღეს, ევროპის მომავლის, მისი უსაფრთხოების, თითოეული ევროპელის კეთილდღეობის, ზოგადად, ევროპული ფასეულობების და წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის დაცვა სწორედ ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში – უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, ამ ქვეყნების ევროპული მომავლისთვის ბრძოლით თუ იქნება უზრუნველყოფილი. სწორედ ამის გააზრება და აღიარება, მართალია, ოდნავ დაგვიანებით, დაედო საფუძვლად ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, მოლდოვასათვის და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე. ის, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, ევროპული კულტურული, ფასეულობითი, ასევე პოლიტიკური ტრადიციის მატარებელია, ეს ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები ხალხებისთვის, ყოველთვის ცხადი იყო და ეს დიდი ხანია ჩვენი მოსახლეობის გააზრებული არჩევანიცაა. ჩვენი ევროპული კუთვნილება არასოდეს დამდგარა მოსახლეობის, პოლიტიკური ელიტის მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ევროპული მხარის მზაობამ, ასევე, საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში არსებულმა პროგრესმა, ჩვენს შორის ინტეგრაციის საკმაოდ მაღალმა დონემ, გახადა შესაძლებელი ის, რომ საქართველომ უკვე 2022 წ. გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე (შეგახსენებთ, რომ საქართველო 2024 წელს გეგმავდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის ფორმალურად დაყენებას და ამისთვის დაწყებული იყო კიდეც მზადება), რასაც დადებითად გამოეხმაურა ევროპული საბჭო და, 23 ივნისის გადაწყვტილებით, აღიარა კიდეც საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამასთან, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაკეთება არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატულების აქტი. არსებულ კონტექსტში, ის საქართველოს მხრიდან სოლიდარობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ზოგადად, ევროპული ფასეულობების მიმართ ერთგულების და ისტორიის სწორ მხარეს დგომის მანიფესტაციაცაა.
რას ნიშნავს საქართველოს ევროპული პერსპექტივა? როგორც ზევით აღვნიშნე, ეს არის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მის ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს.
ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს (ევროპული საბჭოს) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პოლიტიკურთან ერთად, კონკრეტული სამართლებრივი შინაარსი აქვს, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს. ამ შემთხვევაშიც ასეა. მას შემდეგ, რაც აპლიკანტ ქვეყანას მიენიჭება ევროპული პერსპექტივა, არსებული პროცედურების და პრაქტიკის შესაბამისად, იწყება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და აპლიკანტ (კანდიდატის სტატუსის მქონე) ქვეყანას შორის ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. სხვა აპლიკანტი ქვეყნების მსგავსად, საქართველოს შემთხვევაში, ევროკავშირმა განსაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები (12 რეკომენდაცია), რომელთა განხორციელება გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას წარმოადგენს.
ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, იწყება გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების ეტაპობრივი გახსნა ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების თავების მიხედვით (სულ 35 თავი). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დაიხურება, ევროკომისია წარმოადგენს კიდევ ერთ მოსაზრებას (opinion) გაწევრიანების მსურველი ქვეყნის მიერ ხსენებული თავების ქვეშ განსაზღვრული პირობების შესრულების თაობაზე და საბჭოს (council) წარუდგენს რეკომენდაციას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის შესახებ. ევროკავშირის საბჭო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე (consent procedure), რასაც, დასკვნით ეტაპზე, ესაჭიროება ევროპარლამენტის მხარდაჭერა. შემდგომ ეტაპზე, იწყება ქვეყნის ევროკაშირში გაწევრიანების შეთანხმების (accession treaty) მომზადება, რომლის რატიფიცირება სავალდებულოა ყველა წევრი ქვეყნის და კანდიდატი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ. პარალელურად, კანდიდატი ქვეყანა ვალდებულია გამართოს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოსახლეობის მხარდაჭერის დასადასტურებლად. გაწევრიანების შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებული პროცედურის დასრულების და რეფერენდუმზე დადებითი პასუხის დადგომის შემდეგ, განისაზღვრება კონკრეტული თარიღი, როდესაც ქვეყანა ოფიციალურად ხდება ევროკავშირის წევრი.
საქართველო, უკრაინასთან, მოლდოვასთან და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, უკვე დღეს მოექცა ე.წ. გაფართოების პაკეტში (enlargement package). თავად სახელწოდება მიგვანიშნებს ევროკავშირთან ურთიერთობების თუ რა ჩარჩოზეა საუბარი და ამით, რა პროცესებს დაედო სათავე. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება კომპლექსური და გრძელვადიანი პროცესია (სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა დრო დასჭირდათ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად და გაწევრიანების საბოლოო თარიღზე შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად), რაც მთელი რიგი ვალდებულებების (კოპენჰაგენის კრიტერიუმების) შესრულებასთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis) ჰარმონიზაციას მოითხოვს. ამ პროცესში ორივე მხარე თანაბრადაა ჩართული და ორივე მხარის პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ნებაა, რომ გაწევრიანების პროცესი მაქსიმალურად დაბრკოლებების გარეშე წარიმართოს და წარმატებით, შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდეს. მომავალი წლიდან, გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესის შეფასება უკვე გაფართოვების პაკეტის საფუძველზე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ერთიანი მიდგომის ფარგლებში განხორციელდება.
საქართველოს ევროპაში ბევრი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანაბრად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მზადაა ეს გზა ერთად გავიაროთ. ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა ეტაპობრივად ხდება ყველა იმ სიკეთის თანამონაწილე, რასაც ევროპული ფასეულობები, კეთილდღეობის და განვითრების ევროპული სტანდარტი ჰქვია. ევროკავშირის დევიზია „ძალა მრავალფეროვნებაშია!“ ევროკავშირის წევრი საქართველო, თავისი ათასწლოვანი კულტურით, ისტორიით, განვლილი გამოცდილებით და აწმყოთი, ასევე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერებს ევროკავშირს და, ისევ დავესესხები ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებს, კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის მას.
ბლოგის ავტორი:
ზურაბ ხამაშურიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი