რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებთან ონლაინ სემინარი ჩატარდა
მარტი 30, 2022
30.03.22 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო“-ს კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, მონაწილეებს ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, მის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და მასთან გამკლავების გზებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების როლს პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.
შეხვედრას, რომელსაც 75-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.