რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის სკოლების დირექტორებისა და პედაგოგებისათვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 22, 2021

22.10.21 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებისა და პედაგოგებისთვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროგაერთიანების სიკეთეებსა და ევროინტეგრაციის პროცესის შედეგებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქრონოლოგიასა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევებზე.

საუბარი, ასევე, შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, მის პირობებსა და სიკეთეებს, საგანმანათლებო პროგრამებსა და ევროკავშირის დახმარების მოტივაციას და წვლილს საქართველოს განვითარებაში.

შეხვედრას, რომელსაც 45 – მდე დირექტორი და პედაგოგი ესწრებოდა მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალური სამსახურის უფროსმა ირინა ბარნაბიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ გაუწიეს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.