რეგიონების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ ლექცია ჩატარდა
ივნისი 30, 2021
30.06.21 – თბილისი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების მერიებისა და საკრებულოების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ ლექცია გაიმართა.
საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გოგიტა ღვედაშვილმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ვაჭრობის უპირატესობა და ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ ინსტიტუციურ და ადმინისტრაციულ ეტაპებს. გოგიტა ღვედაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობასა და დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავების მეთოდებზე.
შეხვედრას, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 70-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძემ გაუწია და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატებისსახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.