რეგიონების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
ივლისი 23, 2021
23.07.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა, მსმენელებთან ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაზე, მნიშვნელოვან მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ნატო-ს წევრი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების მაგალითებს და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ჩართულობა სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მექანიზმებს: ნატო-საქართველოს კომისიის (NGC), ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტისა (SNGP) და წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ეფექტიანად გამოყენებასა და მათ მნიშვნელობას.
სემინარს, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 40-მდე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელი ესწრებოდა, მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.