რეგიონების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
ივლისი 21, 2021

21.07.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა. სემინარზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხები განიხილეს.
მთელი საქართველოს მასშტაბით 70-მდე მსმენელს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროგაერთიანების სიკეთეებსა და შედეგებზე ესაუბრა. მომხსენებელმა ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები მიმოიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, მის პირობებსა და სიკეთეებს.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.