რეგიონების სკოლების პედაგოგებისთვის მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ონლაინ სემინარი ჩატარდა
ოქტომბერი 27, 2021
27.10.21 – რეგიონები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ ონლაინ სემინარი გაიმართა.
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მედიაწიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით წელს პირველად ტარდება საქართველოში და მასში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები არიან ჩართულები.
შეხვედრაზე, „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, მონაწილეებს დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების როლზე პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.
შეხვედრაში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 90-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა.