რეგიონის მასწავლებლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
ივნისი 15, 2021
15.06.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით რეგიონის მასწავლებლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.
მონაწილეებს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი, საქართველო-ნატოს ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაზე, დინამიკასა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს. ასევე, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა 14 ივნისს ჩატარებული ნატო-ს სამიტისა და მისი შეზღუდული დღის წესრიგის მიუხედავად, საქართველოს საკითხის გაჟღერების მნიშვნელობაზე.
„ყოველი სამიტი გვიდასტურებს იმას, რომ ნატო არის ერთსულოვანი, ერთიანი, მიუხედავად მასში გაერთიანებული მრავალი განსხვავებული ქვეყნისა და მათი შეხედულებებისა. ნატო დღეისათვის არის ყველაზე მტკიცე ალიანსი და ძლიერი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მსოფლიოში“ – აღნიშნა ნატო ბაჩიაშვილმა.
სემინარს, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 70-მდე მასწავლებელი ესწრებოდა მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.