რეგიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრების წარმომადგენლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 30, 2021

30.03.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და მექანიზმებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. 100-მდე რეგიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელთან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ ასპექტებზე.

ამ კუთხით, მონაწილეებს, საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) მნიშვნელობისა და ფუნქციების შესახებ.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.