რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მეწარმეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 10, 2021

10.03.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მეწარმეებისა და დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობაზე ესაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა 100-მდე მონაწილეს ევროკავშირის დახმარების პროექტები გააცნო და ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე.

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ევროკავშირის დახმარებას, რომელიც სხვადასხვა სახის პროგრამებისა და ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება და ხელს უწყობს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას“ – განაცხადა დავით ბუჯიაშვილმა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.