რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
ივლისი 29, 2022
29.07.22 – რეგიონები
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან მედიაწიგნიერების საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ.
ირინა შამილაძემ თავის გამოსვლაში საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მსგავსი სემინარების მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულარულად ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ ნათია კუკულაძემ, კომუნიკაციების კომისიის პროექტებსა და დეზინფორმასთან ბრძოლის კონტექსტში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სემინარზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ, ვრცლად ისაუბრა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ინფორმაციის სახეობებსა და ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე.
სემინარი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა და წარმოადგენს მედიასკოლის რიგით მესამე სემინარს, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული ტელე-რადიო და ონლაინ გამოცემების 20-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.