რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
ივნისი 11, 2022
11.06.22 – რეგიონები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დეზინფორმაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა.
სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მედიის მნიშვნელობის როლზე ისაუბრა.
ასევე, ხაზი გაესვა მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განახლებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების მნიშვნელობას.
ორდღიანი სემინარი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში მეორედ გაიმართა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული ტელე-რადიო და ონლაინ გამოცემების 27 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
სემინარზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის გარემოებებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ნატოს სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს.
მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ ჰიბრიდული ომების მკვლევარისგან დავით ძიძიშვილისგან მიეღოთ ინფორმაცია ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციებზე, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მედიაწიგნიერების როლზე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
სემინარის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.