რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

თებერვალი 1, 2022

01.02.22 – რეგიონები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სემინარის 65 მონაწილეს ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ნარდაიამ ნატო- საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ნატო-ს როლზე საქართველოს, რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების საკითხებში. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების სამომავლო პერსეპქტივაზე, ნატო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობასა და დღემდე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიღწეულ შედეგებზე.

შეხვედრას მოდერაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.