რიგაში ნატო-ს სტრატკომის სრულყოფის ცენტრის ექსპერტები საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე ონლაინ ტრეინინგს ატარებენ
დეკემბერი 7, 2020
ქ. რიგაში, ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის წარმომადგენლები, მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე ერთკვირიან ონლაინ კურსს ჩაატარებენ.
კურსი ორიენტირებულია მულტიდისციპლინარულ კონცეფციებსა და მიდგომებზე, რაც მნიშვნელოვანია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უკეთ გასაგებად, მათი ნეგატიური გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად და აღნიშნულ საკითხებზე კომუნიკაციისთვის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების უკეთ აღჭურვისთვის.
საქართველოში წარმოებული მძლავრი რუსული ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფონზე, რაც მიზნად ისახავს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას, კურსის მიზანია გააძლიეროს საინფორმაციო ცენტრის როგორც ცენტრალური ოფისის, აგრეთვე, რეგიონალური წარმომადგენლების შესაძლებლობები როგორც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უკეთ შესაფასებლად, ასევე მის წინააღმდეგ აქტივობების დასაგეგმად.
კურსის განმავლობაში ნატო-ს სტრატეგიული სრულყოფის ცენტრის ექსპერტები მონაწილეებს გაუღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური და კოგნიტური ფსიქოლოგია, ნარატივების კონცეფცია და იდენტიფიცირება, აუდიტორიის კვლევა და ანალიზი, სოციალური მედიის როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახალ კორონავირუსთან COVID- 19 -თან დაკავშირებული დეზინფორმაცია.
ტრენინგი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში ფინანსური დახმარებით იმართება და შემუშავებულია რიგაში ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO Stratcom COE) წარმომადგენლების მიერ. კურსის მომხსენებლები ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის სრულყოფის ცენტრის ექსპერტებთან ერთად არიან, სტრატეგიული კომუნიკაციების ლონდონის სამეფო კოლეჯის, სენდჰარსტის აკადემიის, ბალტიის თავდაცვის კოლეჯის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, Zinc Network Ltd წარმომადგენლები.
ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სრულყოფის ცენტრი მდებარეობს რიგაში, ლატვიაში და ხელს უწყობს ნატო-ს, ნატო-ს მოკავშირეებისა და ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების განვითარებას.