რუსთავის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 19, 2023
19.05.23 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სამოქალაქო კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიულ კონტექსტსა და ინსტიტუციონალიზაციის პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადს, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებს.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ბექა ირომაშვილმა, ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა მათთვის არსებულ შესაძლებლობებზე. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ „Erasmus+“ პროგრამაზე და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს სთავაზობენ.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნილი მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.