რუსთავის მერიისა და საკრებულოს წევრებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 31, 2022

31.03.22 – რუსთავი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის მერიის თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა ქეთი კუპრაძემ და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წარმომადგენლობის დირექტორმა, დიპლომატიის მაგისტრმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა, მონაწილეებთან განიხილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ისტორიულ კონტექსტში და გააცნო კოპენჰაგენის კრიტერიუმებით გათვალისწინებული პროცედურები.

შეხვედრას, რომელსაც 50-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.