რუსთავის მუნიციპალიტეტში კამპანია – „თაობა მომავლისათვის” – დაიწყო

მარტი 1, 2023

01.03.23 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერითა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, რუსთავის N4 საჯარო სკოლაში, კამპანიის – ,,თაობა მომავლისთვის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

კამპანიის მიზანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა და მათი ჩართულობის გაძლიერება.

შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მის პრიორიტეტებსა და ახალგაზრდებისთვის არსებულ პროექტებზე ისაუბრა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა ახალგზარდებისათვის დასავლური ინტეგრაციის შესახებ თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდება, რადგან ეს პროცესები სწორედ მათი უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ნათელი მომავლის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ ნინო ლაცაბიძემ გააცნო ქალაქში განხორციელებული ახალგაზრდული პროექტები და ქალაქის ახალი განვითარების პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მოწვეულმა სტუმარმა, ნიკა წულუკიძემ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, საერთო დასავლურ ფასეულობებზე, ღირებულებებსა და ისტორიულ-კულტურულ ექსკურსზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, შეხვედრები, რუსთავის ყველა კერძო და საჯარო  სკოლაში გაიმართება.