რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 16, 2022

16.09.22 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის თანამშრომლებთან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო კურსის შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

მოწვეულმა ექსპერტმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ქრონოლოგიასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ისეთ პროგრამებზე, როგორებიცაა: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და სხვა.

შეხვედრის დასასრულს, მომხსენებელმა, ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.