რუსთავის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 30, 2021
30.09.21 – რუსთავი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპები მიმოიხილა და მონაწილეებს ამ პროცესის დინამიკა გააცნო. მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საუბრისას კი – აქცენტი გაკეთდა დადგენილ წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.