საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბანაკის ლიდერებთან სიმულაციური სწავლება ჩატარდა
ივნისი 19, 2024
19.06.24 – საგარეჯო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბანაკის ლიდერებთან დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში, სიმულაციური სწავლება ჩატარდა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაწევრიანების ეტაპები და საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.
სიმულაციურ სწავლებაში, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციები.
აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.