საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ქუთაისსა და ხონს ეწვია
აგვისტო 4, 2021
04.08.21 – ქუთაისი, ხონი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე ლაშა დარსალია ქუთაისსა და ხონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ლაშა დარსალიამ ქუთაისში შეხვედრა გამართა კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, ხოლო ხონში, რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის უზრუნველყოფა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო ხედვის შესამუშავებლად და ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ფართო საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვა.
შეხვედრებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გააცნო სამთავრობო კომისიის შექმნის მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები და სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოისმინა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მოსაზრებები და იდეები სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედითად და შედეგზე ორიენტირებულად განხორციელების კუთხით. შეხვედრებს, ასევე ესწრებოდა ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 23 ივნისს შეიქმნა და მიზნად ისახავს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის – დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომისა და კომპლექსური კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნას. ინკლუზიური სამუშაო პროცესი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფართო საზოგადოების — კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩართულობას. ინტენსიური მუშაობა წარიმართება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით მათი პროაქტიული ჩართულობისა და ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის.