საგარეო საქმეთა სამინისტროს “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა” და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 29, 2021
29.04.21 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა” და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ამ თემებზე ცნობადობის გაზრდა, რისთვისაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და კომუნიკაციების კომისია ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების განვითარებას.
შეთანხმების თანახმად, ეფექტიანი მუშაობის შედეგად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის დეზინფორმაცია, ევროპული ღირებულებები და ციფრული უნარები, საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების მაქსიმალურად ამაღლებას შეეწყობა ხელი.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოსახლეობასთან ტრენინგების ფორმატში ჩაატარებენ ერთობლივ შეხვედრებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ. ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოება მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ტრენინგების მთავარი თემა იქნება ასევე ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარება და ხელშეწყობა. ტრენინგების მიზანი შესაბამის სამიზნე ჯგუფებში, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს შორის, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების, თანამედროვე ციფრული უნარებისა და ევროპული ღირებულებების დანერგვა და განვითარებაა.