საიფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ პროექტის „ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ნოემბერი 14, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის “ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა” (DIGY) პრეზენტაციაში ჩაერთო. ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილი პროექტის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე  საუბრისას, მომხსენებელმა ყურადღება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა, რომლებიც ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, განათლების სფეროსთვისაა განკუთვნილი.

პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ჰორიზონტი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ახორციელებს, მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობისა და არაფორმალური განათლების მიღებაში ახალგაზრდების ხელშეწყობას. ამ კუთხით, საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა პროექტის ორგანიზატორებს დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან გამკლავების საკითხებზე საინფორმაციო მხარდაჭერა აღუთქვა.

ღონისძიებას აჭარის ა.რ. მთავრობის წევრები, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.