საინფორმაციო ცენტრი აჭარის საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალის დახურვის ღონისძიებაში ჩაერთო

ნოემბერი 27, 2022

27.11.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, აჭარის საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების რიგით II ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ დახურვის ღონისძიებაში ჩაერთო და გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალს შეუერთდა.

ღონისძიებას აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების, რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი წელს უკვე მეორედ, აქტიურად იყო ჩართული საფესტივალო დღეების პროგრამაში: თეატრალური დასების წარმომადგენლებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები მოაწყო და ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ გამოვლენილ საუკეთესო მონაწილეებსა და აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრისგან სპეციალური პრიზები გადასცა.

საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების რიგით II ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ ბათუმში, სხვადასხვა სივრცეში 20-27 ნოემბრის კვირაში მიმდინარეობდა.

ფესტივალის გენერალური მხარდამჭერები იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.