საინფორმაციო ცენტრი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ბათუმის სკოლა – ბიზნესის ფორუმს შეუერთდა

ოქტომბერი 7, 2022

07.10.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ბათუმის სკოლა – ბიზნესის ფორუმს შეუერთდა, რომელშიც აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების ინოვაციური პროექტები იყო წარმოდგენილი.

ფორუმის მონაწილეებმა, აუდიტორიას სხვადასხვა ფორმატის პრეზენტაციები გაუზიარეს და იმსჯელეს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ საკითხებზე.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, დაგეგმილ აქტუვობებსა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო სექტორთან აქტიურ კომუნიკაციაზე და ხაზი გაესვა BEDEC – ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობას, რომელიც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის უცვლელი პარტნიორია აჭარის რეგიონის მასშტაბით.

ფორუმს ესწრებოდნენ აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ისინი გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ აქტუალური პრობლემების მოგვარებას.

ფორუმზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვნათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა – ბიზნეს ფორუმების მიზანი ახალგაზრდების საჯარო და კერძო სექტორთან დაახლოება და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობის დამყარებაა.