საინფორმაციო ცენტრი ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მუშაობაში ჩაერთო
სექტემბერი 21, 2022

21.09.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ევროკავშირის ერასმუს + ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მუშაობაში მიმდინარე წელს, უკვე მესამედ ჩაერთო.
შეხვედრაზე ბათუმის ჟან მონეს კათედრის საზაფხულო სკოლის „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა” მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი, ევროკავშირის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებისა და აკადემიურ სივრცეებში ამ მიმართულებით კვლევებისა და სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და სტაჟირების პროგრამაზე. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა და საზაფხულო სკოლის ორგანიზატორმა, ჟან-მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ. გამომსვლელებმა აღნიშნეს რომ სკოლის მიზანია: მონაწილეებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუტების, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, არსებული მექანიზმებისა და პროცესების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნაკადში საზაფხულო სკოლის აპლიკანტებისგან, ბსუ-ს და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 50-მდე სტუდენტი შეირჩა, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრისგან თემატური ლიტერატურა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გზამკვლევები გადაეცათ.