საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო
ნოემბერი 4, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის პროექტის „სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციისთვის“ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ პროცესში არსებული მიღწევები მიმოიხილა, ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული თემატური პრეზენტაციები და ისაუბრეს საქართველოს ევროპულ გზაზე, ფასეულობებსა და ღირებულებებზე; დეზინფორმაციის გავლენებსა და მედიაწიგნიერების ინსტუმენტებზე.
აღსანიშნავია, რომ აჭარის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პროექტის „სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციისთვის“ ფარგლებში, დეზინფორმაციის წინააღმდეგ კამპანია აჭარაში სამომავლოდაც გაგრძელდება და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი პროექტის ორგანიზატორებთან ერთად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით კვლავაც დაგეგმავს შეხვედრებს პროფესიულ ჯგუფებთან და დაინტერესებულ პირებთან.