საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
აპრილი 25, 2021
25.04.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა პროექტის მონაწილეებს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, განათლების სფეროსთვისაა განკუთვნილი. მომხსენებელმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ახლგაზრდებთან მჭიდრო საკომუნიკაციო სივრცის გაფართოებასა და მხარდამჭერ ორგანიზაციებთან პარტნიორობას.
ღონისძიებაზე შეფასდა აჭარის რეგიონის პარტნიორ სკოლებში პროგრამის “მომავლის თაობა“ ფარგლებში 3 წლის მანძილზე გაწეული მუშაობა, გაკეთდა პროექტების პრეზენტაციები და მოეწყო განხორციელებული აქტივობების გამოფენა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა პარტნიორი სკოლების მიერ განხორციელებულ ონლაინ საქმიანობაზე, რომლებშიც სხვადასხვა საჯარო სტრუქტურასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელიც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელები, მთავრობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.