საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმის ბიურო სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს შეუერთდა

ოქტომბერი 15, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიურო, ონის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გლოლაში გამართულ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს შეუერთდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროპულ ღირებულებებსა და სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ სოფლის დახმარების პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის პროგრამა ENPARD-ის სიკეთეებსა და სარგებელზე, ამ პროგრამებში ქალების ჩართულობასა და მიღწეულ წარმატებებზე. ასევე, ასოცირების შეთანხმებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებაზე.

შეხვედრის ბოლოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს ევროკავშირის დროშა და საინფორმაციო თემატური მასალა გადასცა. შეხვედრას პედაგოგები, მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლად ქალების შრომა და მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღონისძიება ონის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის, ანა ერისთავის ინიციატივით გაიმართა.