საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაში „ერთად შევაჩეროთ ჩაგვრა (ბულინგი) სკოლებში“ ჩაერთო

ივნისი 22, 2022

22.06.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებისა და პედაგოგებისთვის გამართულ შეხვედრაში – „ერთად შევაჩეროთ ჩაგვრა (ბულინგი) სკოლებში“ ჩაერთო.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ნათია სახოკია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვის ინსპექტორი მონიკა ჩიქობავა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ევროკავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში სკოლაში ბულინგთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა.

საუბარი, ასევე, შეეხო სკოლაში ბულინგის გამოწვევებს, ბავშვთა უფლებებსა და ძალადობის ფორმებს.

შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა და მისი მიზანია ბულინგთან ბრძოლაში პედაგოგების ჩართულობის გაზრდა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება.