საინფორმაციო ცენტრმა ახალ სასწავლო წელს თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სექტემბერი 6, 2022

06.09.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, სსიპ კოლეჯის “ახალი ტალღა“ მიერ ახალი სასწავლო წლისთვის სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიების ფარგლებში, თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საჯარო სამსახურებისა და სამოქალაქო სექტორის ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე და გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი პროფესიული სწავლების საფეხურის სტუდენტებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებაზე გააკეთა.

კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორმა, ირმა მეგრელიძემ ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის არსებულ გამოცდილებას და ექსტრაკურიკულური აქტივობებისა და არაფორმალური განათლების პროექტში ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის სურვილი გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ექსტრაკურიკულური აქტივობები, როგორც სტუდენტური სერვისების ერთ-ერთი ფორმა, მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით, ახალგაზრდებში სხვადასხვა გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას, რითაც ისინი სწავლობენ ეფექტურ კომუნიკაციასა და იძენენ აქტიური მოქალაქეობის უნარებს.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო პროექტის “ექსტრაკურიკურული აქტივობების განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში, კოლეჯის ქობულეთისა და ხულოს ფილიალებში სპეციალური სივრცეებისა და ახალგაზრდული კლუბების შექმნით სხვადასხვა ტიპის აქტივობის განხორციელების შესაძლებლობას, რომელშიც სამომავლოდ საინფორმაციო ცენტრიც აქტიურად ჩაერთვება.