საინფორმაციო ცენტრმა და აფხაზეთის ა/რ მთავრობამ კონკურსი “შემოქმედებითი ზაფხული” გამოაცხადეს
ივნისი 1, 2020
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ შემოქმედებითი კონკურსი გამოაცხადეს.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შექმნიან ლიტერატურულ ჩანახატებს ნაწარმოებები, ესეებს ან ფერწერული ნამუშევრებს თემაზე: მე ევროპელი“ და „მომავლის აფხაზეთი“. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იძულებით გადაადგილებულ 6-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
გამარჯვებული ნაწარმოებები (პროზა, პოეზია, ჩანახატები და ფერწერული ნამუშევარი) დაიბეჭდება ჟურნალ „რიწის“ და ჟურნალ „იალქნის“ მომდევნო ნომრებში, ხოლო ესეების კონკურსში 3 გამარჯვებულ ახალგაზრდას გადაეცემა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები.
რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს აარჩევს ცნობილი ქართული ბრენდი „ANOUKI“ და გამოიყენებს მას კოლექციაში.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი თამარა წულეისკირი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის N2 (თბილისი) საჯარო სკოლა ესტუმრნენ და სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო მასალები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესში და განსაკუთრებით კი იძულებით გადაადგილებული მოზარდების, რათა მათ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების, ინტეგრაციის პროცესით მიღებული სარგებელისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, რადგან ეს პროცესები სწორედ მათი უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ნათელი მომავლის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.” – განაცხადა თამარა წულეისკირმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და სასაჩუქრე პაკეტები ეტაპობრივად გადაეცემა აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/2zOiK1p