საინფორმაციო ცენტრმა მოსწავლეებს უმასპინძლა

ივნისი 9, 2022

09.06.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ნატო-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა ქეთი კუპრაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნისა და განვითარების ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და ამ პროცესის გარშემო გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებსა და რეალურ ფაქტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.