საინფორმაციო ცენტრმა პოსტერების კონკურსში “მე ვირჩევ ევროპას” გამარჯვებულები დააჯილდოვა

ნოემბერი 21, 2022

21.11.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ პოსტერების კონკურსში “მე ვირჩევ ევროპას” გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში თბილისის 70 სკოლა და 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართლებით ცენტრის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას და ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

პროგრამა „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი“-ს ორგანიზებით, ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით იმუშავებს საქართველოს 11 რეგიონში: თბილისი, აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო-ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი და რაჭა-ლეჩხუმი.