საინფორმაციო ცენტრს ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ

აპრილი 10, 2023

10.04.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ქალაქ ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის (American University’s Brussels Center) სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა უმასპინძლა და ორგანიზაციის მიზნების, საქმიანობისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თამარა წულეისკირმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის შესახებ მოქალაქეების ჩართულობისა და ინფორმირებია მნიშვნელობას. ასევე, განხილული იქნა საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილების სპეციფიკა და მათთან გამკლავების გზები.

მოწვეულმა ექსპერტებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ და აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ნელი შიოლაშვილმა, საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.