საინფორმაციო ცენტრსა და ევროკავშირის კვლევისა და სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ივლისი 9, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა” და „ევროკავშირის კვლევისა და სწავლების ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და „ევროკავშირის კვლევისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია საინფორმაციო ცენტრსა და ევროკავშირის კვლევისა და სწავლების ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
“ჩვენი, საინფორმაციო ცენტრის უპირველესი ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოებისთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიზნისთვის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი რესურსის გამოყენებაც, რათა გავზარდოთ ინფორმაციის გავრცელების არეალი და უფრო მრავალფეროვანი გახდეს კომუნიკაციის არხები – განაცხადა თამარა წულეისკირმა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობის შესახებ.