საინფორმაციო ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ივლისი 21, 2022
21.07.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია საინფორმაციო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასევე ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში, რესურსების გაზიარებასა და მაღალი კომპეტენციების მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობაში ურთიერთდახმარება.
“დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი კიდევ ერთ უნივერსიტეტთან, რადგან ახალგაზრდები, საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია და ჩვენი უპირველესი ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ახალგაზრდებისთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიზნისთვის სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი რესურსის გამოყენებაც, რათა გავზარდოთ ინფორმაციის გავრცელების არეალი და უფრო მრავალფეროვანი გახდეს კომუნიკაციის არხები” – განაცხადა თამარა წულეისკირმა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობის შესახებ.