საინფორმაციო ცენტრსა და წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დეკემბერი 15, 2022

15.12.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა” და წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია საინფორმაციო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. კერძოდ, ერთობლივი პროექტების საშუალებით ახალგაზრდების მეტად ინფორმირება და ჩართულობის უზრუნველყოფა დასავლური ინტეგრაციის პროცესებში.

“ახალგაზრდები, საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ახალგაზრდებისთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიზნისთვის სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი რესურსის გამოყენებაც, რათა გავზარდოთ ინფორმაციის გავრცელების არეალი და უფრო მრავალფეროვანი გახდეს კომუნიკაციის არხები” – განაცხადა თამარა წულეისკირმა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობის შესახებ.