საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + შესაძლებლობებზე

ივლისი 22, 2020
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში,  ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის    მოსწავლეები, პედაგოგები და სტუდენტები ეწრებოდნენ.
შეხვედრაზე საქართველოში  Erasmus + ის  ეროვნული ოფისის  წარმომადგენლებმა, ნინო ურუშაძემ და თამარ ლორთქიფანიძემ,  ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე, პროგრამაში ჩართვის გზებზე, არსებულ გამოცდილებასა და იმ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრეს,  რაც პროგრამის ფარგლებში იქნა მიღწეული. მომხსენებლებმა განათლების მიღების  მნიშვნელობასთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდებისთვის ევროპული კულტურისა და ცხოვრების წესის გაცნობის შესაძლებლობაზე, რასაც მათ პროგრამა აძლევს.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრა.
შეხვედრის ბოლოს საქართველოში  Erasmus + ის  ეროვნული ოფისის  წარმომადგენლებმა კითხვებს  უპასუხეს და მონაწილეებს საინფორმაციო მასალა და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.