საინფორმაციო ცენტრი აჭარის საყმაწვილო-სასკოლო-თეატრალური დასების ფესტივალში ჩაერთო
ნოემბერი 26, 2023
![26.11.23 – აჭარა](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2023/12/26.11.23-achara-scaled-e1702548416478.jpg)
26.11.23 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, აჭარის საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების რიგით III ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ დახურვის ღონისძიებაში ჩაერთო და გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიას შეუერთდა. ღონისძიებას აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების, რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი პირველივე სეზონიდან აქტიურად ჩაერთო “პირველი ავტოგრაფის” საფესტივალო დღეებში და ყოველწლიურად მისი უცვლელი პარტნიორია. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე საგანმანათლებლო-შემცნებით აქტივობებს და ვიქტორინებს აორგანიზებს, საუკეთესო მონაწილეებს კი სამახსოვრო საჩუქრებს და თემატურ მასალებს გადასცემს.
მიმდინარე წელს კი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა სპეციალური პრიზი დააწესა და ფესტივალის ჟიურის მიერ ნომინაციაში „ყველაზე ორიგინალურად გააზრებული როლი“ გამოვლენილ ახალგაზრდა მსახიობს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის სკოლის მოსწავლეს, თამრიკო მაკარაძეს საჩუქარი-სამსუნგის პლანშეტი გადასცა.
საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების III ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ ბათუმში, სხვადასხვა სივრცეში 19-26 ნოემბერს მიმდინარეობდა. ფესტივალის გენერალური მხარდამჭერები იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.