საინფორმაციო ცენტრი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების ფესტივალში ჩაერთო
ოქტომბერი 4, 2024
04.10.24 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, მეცნიერების ფესტივალში ჩაერთო.
ღონისძიების საგამოფენო ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია სივრცეში გაიმართა. ფესტივალში მონაწილეებმა სტუმრებს სახალისო, საგანმანათლებლო და კვლევითი ექსპერიმენტები შესთავაზეს. ამავე სივრცეში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სტენდით იყო წარდგენილი, სადაც, დღის მანძილზე, დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ევროკავშირისა და ნატოს საკითხებზე. ასევე, გაიმართა ვიქტორინა, რომელსაც მოდერაციას ცენტრის მოხალისეები უწევდნენ. საინფორმაციო კამპანიის ნაწილში მოსულ სტუმრებს საინფორმაციო ფლაერები და თემატური წიგნები დაურიგდათ.
მასშტაბურ ღონისძიებაზე, საგამოფენო სივრცეებში მიმდინარე აქტივობებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზაზა ლომინაძესთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამეცნიერო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი, „ჰორიზონტი ევროპა“-ს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი, სსიპ-კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის წარმომადგენლობა, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალური მუზეუმი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, შპს „მა-არქიტექტს“, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა, ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლა, ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა „ანა ბასისი“, სკოლებში არსებული იდეატორთა კლუბები.