საინფორმაციო ცენტრი ბსუ-ში დაგეგმილ სანახაობით-შემეცნებით ღონისძიებებს შეუერთდა
მაისი 18, 2023
18.05.23 – ბათუმი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბსუ-ში დაგეგმილ სანახაობით-შემეცნებით ღონისძიებებს შეუერთდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში IV საერთაშორისო კვირეულის ეგიდით მიმდინარე განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას.
საერთაშორისო დღის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს გაცვლითი პროგრამის ERASMUS + აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ევროპის უნივერსიტეტებიდან და გაცვლით პროგრამებში მონაწილე ბსუ-ს სტუდენტებმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სტენდი და ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილეები, პროგრამა „ჰორიზონტ ევროპისა“ და საერთაშორისო განათლების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდნენ და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას, დაგეგმილ, მიმდინარე პროექტებს და თემატურ საინფორმაციო მასალებს აცნობდნენ.
უნივერსიტეტში, ასევე, აღინიშნა ეროვნული სამოსის დღე. განათლების საერთაშორისო დღის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და უკეთ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას.