საინფორმაციო ცენტრი ქალაქ ლანჩხუთის სკოლაში გამართულ საინფორმაციო-შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთო

მაისი 20, 2024

20.05.24 – ლანჩხუთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ემზარ წილოსანის სახელობის ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში, ლანჩხუთის ახალგაზრდული ორგანიზაციის „ინიციატივა ევროპული მომავლისთვის“ მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო-შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთო.

ორგანიზატორებთან ერთად, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებისა და პედაგოგებისაგან შერეულად დაკომპლექტებულ სამ გუნდს შესაძლებლობა ჰქონდა ეთამაშა შემეცნებითი თამაში Kahoot, რომელიც სრულად საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე იყო აგებული.

ღონისძიების ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

შეხვედრის ყველა მონაწილეს ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომელსაც „ინიციატივა ევროპული მომავლისთვის“ საქართველოში ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდების განათლებასა და ინფორმირებას ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე.