საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში მოსწავლეთა სასკოლო კონფერენციაში ჩაერთო
დეკემბერი 2, 2023
02.12.23 – ქუთაისი
თავისუფალი თაობის აკადემიისა და „Kutaisi English“ აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობას კერძო და საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე იღებდა, რომლებმაც სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს. კონფერენციის თემა თავისუფალი იყო, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამოუკიდებლად შერჩეულ საკითხებზე ემსჯელათ. კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 50 პრეზენტაცია.
კონფერენციაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელსაც ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს.
კონფერენციას აფხაზეთის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მიზანი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, საკომუნიკაციო და საჯარო გამოსვლის უნარის გაუმჯობესება და მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლება იყო.