საინფორმაციო ცენტრი მასშტაბურ ღონისძიებაში ,,ჩემი თვალით დანახული ევროპა“ ჩაერთო
მაისი 21, 2024
21.05.24 – შუახევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო მასშტაბურ ღონისძიებაში ,,ჩემი თვალით დანახული ევროპა“.
შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ თემატური პერფორმანსები და თითოეული ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და შემოქმედება, მოეწყო გამოფენებიც, სადაც ღონისძიებაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სტენდებთან თავიანთი აქტივობებით, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყანა წარმოადგინეს.
გამოვლინდნენ ღონისძიების საუკეთესო მონაწილე გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები, რომლებსაც, ორგანიზატორების მიერ დაწესებულ პრიზებთან ერთად, საინფორმაციო ცენტრმა ცენტრის საიმიჯო ატრიბუტები და თემატური ლიტერატურა გადასცა, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილე სკოლებს შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
ღონისძიებას, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ერთად, ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორიდან მოწვეული სტუმრები, კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლები, მონაწილე მოსწავლეების მშობლები და გულშემატკივრები.