საინფორმაციო ცენტრი საერთაშორისო ფორუმს „დიალოგი 2023“ შეუერთდა

ნოემბერი 22, 2023

22.11.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიწვევით, საერთაშორისო ფორუმს „დიალოგი 2023“ შეუერთდა, რომელშიც უცხოელი და ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას, რომელიც ევროპის საბჭოსა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა, ესწრებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომლებმაც ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ აგრეთვე, მოწვეულ სტუმრებთან დიალოგის რეჟიმში განეხილათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, უცხოელ და ქართველ სტუდენტებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, პროგრამები, პროექტები, აგრეთვე – მოქმედი ვებგვერდი, სოციალური პლატფორმები, ელექტრონული რესურსები გააცნო და ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებზე.

ღონისძიების მიზანი გახლდათ ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ასევე ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის სტიმულირება ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორია და ცენტრის აჭარის ბიურო აქტიური თანამშრომლობითაა ჩართული რეგიონის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში.