საინფორმაციო ცენტრი სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილე სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას შეუერთდა
აპრილი 26, 2024
26.04.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიწვევით, სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილე სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას შეუერთდა.
აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ აპარატის მანდატი გააცნეს, ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე, შრომაზე, ბულინგსა და ქორწინების საკითხზე, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში ციფრულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სკოლის როლზე განათლებისა და ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი ის სკოლები, რომლებთანაც საინფორმაციო ცენტრი სისტემატურად ატარებს სემინარებსა და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას.
ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ხაზი გაუსვა რეგიონის საგანმანათლებლო სივრცესთან აქტიურ თანამშრომლობასა და ვრცლად ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის პრიორიტეტებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და ახალგაზრდებისთვის დეზინფორმაციის სიმულაციური სწავლების სკოლის პროექტში ჩართულობის მნიშვნელობაზე.