საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ოფისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ეწვივნენ

აპრილი 19, 2023

19.04.23 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონის ოფისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი ეწვივნენ.

შეხვედრა ხულოში მცხოვრებ ადგილობრივ ახალგაზრდებთან გაიმართა.

კელი დეგნანმა მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვასა და ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა საგანამნათლებლო პროექტზე მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოში აშშ-ის ელჩმა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გაცხადებული არჩევანისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

თავის მხრივ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, მადრიდის სამიტის შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებსა და მიმდინარე წლის ივლისის თვეში ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მოლოდინებს.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ცენტრის საქმიანობისა და საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ რონდელის ფონდის პროექტის „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში” მონაწილეები.