საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებსა და მოხალისეებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 19, 2023

19.12.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სხვადსახვა აქტივობის განხორციელების საკითხებზე, ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებსა და მოხალისეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი სიახლეები და პროექტები გააცნო და ევროინტეგრაციის პროცესის პოპულარიზების მიზნით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ, სტაჟირების პროგრამას და მასში რეგიონის ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობას.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე “ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით დაგეგმილ შემდგომ პროცედურებს, ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა,, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.