საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის სიმულაციური სწავლების ინტენსიური ტრენინგები ჩატარდა
ნოემბერი 10, 2023
10.11.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო ცენტრის ბაზაზე სიმულაციური ცენტრი-დეზინფორმაციის სკოლის შესაქმნელად ინტენსიური ტრენინგების ციკლი გაიმართა.
შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ თავდაპირველად, ჩატარდა 3 დღიანი ტრენერთა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა ცენტრის წარმომადგენლები (მათ შორის რეგიონული წარმომადგენლები). მოწვეული ექსპერტების ზედამხედველობით ჩატარებული სიმულაციური ტრენინგების შემდეგ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები დამოუკიდებლად წარმართავენ სიმულაციურ ვორქშოპებს.
სიმულაციური სწავლება განკუთვნილი იქნება საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. საინფორმაციო ცენტრი უმასპინძლებს ბენეფიციარებს სხვადასხვა სკოლიდან, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სიმულაციურ ვორქშოფებში, რათა შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები. პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრის ოფისის ბაზაზე შეიქმნება დეზინფორმაციის შესახებ სიმულაციური სწავლების ცენტრი, რომელიც აღიჭურვება საჭირო მასალებით, ტექნიკური და ვიზუალური რესურსებით.
ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.